11 მაისი, 2026
ETS
სიმპატიკური ნერვის ქირურგია

თორაკოსკოპიული სიმპატექტომია (ETS)

მინიინვაზიური ოპერაცია სიმპატიკური ნერვის გადაკვეთით.

რა პრობლემებს აგვარებს

ჰიპერჰიდროზი, სახის სიწითლე, რეინოს სინდრომი, კაუზალგია, მიგრენა.

დაჯავშნე კონსულტაცია

დეტალური აღწერა:

დღესდღეობით თორაკოსკოპიული სიმპატექტომია ხელმისაწვდომია ყველა პაციენტისათვის, ვისაც სიმპატიკური ნერვის მაღალი აქტივობის გამო გააჩნია გარკვეული პრობლემები.


თორაკოსკოპიული სიმპატექტომიის უპირატესობა:

  1. შედეგი მიიღება ოპერაციის დამთავრებისთანავე - პაციენტი საოპერაციოს ტოვებს მშრალი კანით სახეზე, თავზე, იღლიების არეში და ხელისგულებზე
  2. ორი მცირე - 5მმ - ზომის განაკვეთი, კოსმეტიკური ნაკერით.
  3. ოპერაციის შემდგომი უმნიშვნელო ტკივილი
  4. ოპერაციის ძალიან მაღალი შედეგიანობა -98%.
  5. ოპერაციის სიმარტივე და ზუსტი ვიზუალიზაცია დახვეწილი თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით.
  6. მაქსიმალურად შემცირებული ოპერაციის ხანგრძლივობა (30-45წთ)
  7. მინიმალური რეაბილიტაციის პერიოდი: 2-3 დღე სტუდენტებისა და საოფისე სამსახურის მქონე პაციენტებისათვის.
  8. 7-10 დღე ნებისმიერი ფიზიკური დატვირთვისათვის
  9. ცხოვრების პირობების და ხარისხის მკვეთრი გაუმჯობესება, როგორც ოჯახის ასევე სოციალურ წრეში.


ტექნიკა:

თორაკოსკოპიული სიმპატექტომია ტარდება სტაციონარში ერთი დღის დაყოვნებით. მარჯვენა და მარცხენა მხარეს ოპერაცია ტარდება ერთდროულად, ერთი ზოგადი ნარკოზის ფონზე. იღლიის ქვეშ მე-3 და მე-5 ნეკნთაშორის არეში კეთდება ორი 5მმ განაკვეთი, ერთ-ერთ მათგანში შეგვყავს 5მმ ენდოსკოპი, რომლის საშუალებითაც ხდება გულმკერდის რღუს დათვალიერება და ნერვის მონიტორინგი მთელ პერიმეტრზე, მეორეში კი საჭირო ინსტრუმენტი. სიმპატიკური ნერვის მეორე და მესამე ნეკნის დონეზე იდენტიფიკაციის შემდეგ ხდება მისი გადაკვეთა 1 სმ-ის სიგრძეზე და ნერვის დაბოლოებების დამუშავება ელექრტოდანის გამოყენებით. იღლიების და ხელისგულების ჰიპერჰიდროზის დროს აუცილებელია ნერვის გადაკვეთა მე-2 და მე-3 ნეკნის დონეზე, ხოლო სახის ჰიპერჰიდროზის ან სიწითლის დროს საკმარისია მხოლოდ მე-2 ნეკნის დონეზე. ნერვი და განგლია არ ამოიკვეთება ამ ოპერაციის დროს, რაც მკვეთრად ამცირებს ოპერაციის შემდგომ კომპენსატორულ ოფლიანობას. ოპერაციის ბოლოს ზოგ გულმკერდის ღრუში ორივე მხარეს იდგმება დრენაჯი 2-3 საათით, შემდგომ პაციენტებს უტარდებათ გულმკერდის საკონტროლო რენტგენოსკოპია, ხდება დრენაჯების მოცილება და მეორე დღეს ეწერებიან კლინიკიდან. საზღვარგარეთის ბევრ კლინიკაში, სადაც სადაზღვევო კომპანიები აფინანსებენ აღნიშნულ ოპერაციას, (მაგ.გერმანიაში) თორაკოსკოპიული სიმპატექტომია ტარდება ორ ეტაპად - ჯერ ერთ და შემდეგ მეორე მხარეს - ორ კვირიანი შუალედით. ჩვენ ბოლო 4 წელია ვაკეთებთ ორივე მხარეს ერთდროულად.


მას შემდეგ, რაც ოპერაციის დროს მოხდება ნერვის გადაკვეთა, კანი იქნება მშრალი და თბილი სახის, თავის, იღლიების და ხელისგულების არეში და უმრავლეს შემთხვევაში ფეხისგულებზეც. ეს ცვლილებები მიიღება საოპერაციოში, ოპერაციის დასრულებისთანავე. რიგ პაციენტებს ოპერაციის შემდეგ აღენიშნებათ ხელისგულების სიმშრალე და გარკვეული პერიოდი
ესაჭიროებათ დამატენიანებელი მალამოს გამოყენება. ასევე ჩვენი მონაცემებით პაციენტების დაახლოებით 4% (საერთაშორისო სტატისტიკით 8-12%) განიცდის კომპენსატორულ ოფლიანობას, რომელიც შემაწუხებელი ხდება მათთვის. პაციენტების უმრავლესობა აღნიშნავენ, რომ ოპერაციის შემდეგ გარდა ჭარბი ოფლიანობისა, მოუწესრიგდათ გულისცემის სიხშირე, ემოციის დროს. პაციენტები ასევე აღნიშნავენ ოფლიანობის შეცერებას ფეხისგულების არეში, თუმცა აღნიშნულ ოპერაციას ფეხისგულების ოფლიანობასთან კავშირი არ აქვს, გარდა ფსიქოლოგიური ფაქტორისა, მაგრამ ფაქტია, რომ შედეგი უმრავლეს შემთხვევაში დადებითია. უმნიშვნელო შემთხვევაში ოპერაციიდან რამდენიმე წლის შემდეგ პაციენტები აღნიშნავენ უმნიშვნელო ოფლიანობას, თუმცა მას თვლიან ნორმალურად. იმის გამო, რომ ყველა პაციენტი არის ცალკე ღებული ინდივიდი და გააჩნია თავისი ანატომიური თავისებურებანი (შესაძლოა აღმოაჩნდეთ დამატებითი ნევრული ტოტების განშტოებანი), განპირობებულია ქირურგიული ჩარევის შესაძლო შედეგები 95-98%.
ოპერაციის შემდგომ სახის, იღლიების და ხელისგულების არეში კანის გაშრობა, სახის სიწითლის ალაგება შესაძლებელია თქვენი წარმატების მიზეზი გახდეს. თორაკოსკოპიული სიმპატექტომია არის თანამედროვე, მცირედინვაზიური, ძალიან მცირე შესაძლო გვერდითი მოვლენებით, ამიტომ მისი ეფექტურობა ძალზე მაღალია.


თორაკოსკოპიული სიმპატექტომია (ETS) - თანმხლები მოვლენები:

პაციენტებს აუცილებელია ექიმისგან მიწოდებული ქონდეს ინფორმაცია კომპენსატორულ ოფლიანობასთან დაკავშირებით, მიუხედავად მისი დაბალი პროცენტისა (საერთაშორისო სტატისტიკით დაახლოებით 8-10%). კომპენსატორული ოფლიანობა შეიძლება გამოვლინდეს ზურგის, მუცლის, საზარდულის, ბარძაყების არეში. ის შესაძლოა იყოს მსუბუქი და მძიმე ფორმით. საერთაშორისო სტატისტიკით დაახლოებით 5% - 10% განიცდის კომპენსატორულ ოფლიანობას მძიმე ფორმით. წინასწარ კომპენსატორული ოფლიანობის სტატუსის განსაზღვრა შეუძლებელია, ვინაიდან არ არსებობს წინასწარი დატესტვის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანი კომპენსატორული ოფლიანობის შემთხვევაში არსებობს მედიკამენტოზური დახმარების საშუალება, რომელიც მკვეთრად შეამცირებს მის გამოვლინებას. პაციენტები, რომელთაც აწუხებთ სიმსუქნე, კომპენსატორული ოფლიანობა უფრო გამოხატული აქვთ და ასევე მათ, ვინც ცხელ და ტენიან კლიმატურ პირობებში ცხოვრობენ. ოპერაციის შემდგომი კომპენსატორული ოფლიანობის გამოვლინება დამოკიდებულია არა იმაზე, თუ რომელმა ქირურგმა შეასრულა ოპერაციული ჩარევა, არამედ იმაზე, თუ რა მეთოდით და მოცულობის ოპერაცია იქნა ჩატარებული. გემოვნების ოფლიანობა, რომელიც აღინიშნება კვების დროს სხვადასხვა პროდუქტების მიღების დროს, შესაძლებელია განვითარდეს ოპერაციის შემდგომ დაახლოებით 10%-ში.
ფანტომური ოფლიანობა აღენიშნებათ ზოგიერთ პაციენტს ანუ შეგრძნება ოფლდენაზე, მაგრამ ეს მოჩვენებითია და როგორც წესი დამოუკიდებლად გაივლის 1-3 კვირაში. ის უფრო ხშირად ვლინდება პაციენტებში, რომლებსაც კომპლექსური დამოკიდებულება აქვთ მკვეთრად გამოხატული.


დღესდღეობით ჰორნერის სინდრომი, ანუ თვალის ქუთუთოს მოდუნება, თორაკოსკოპიული სიმპატექტომიის შემდგომ გართულებად აღარ ითვლება, ვინაიდან ის გამოწვეული იყო სიმპატიკური ღეროს პირველი ნეკნის დონეზე გადაკვეთა, რაც პრაქტიკიდან ამოღებულია.



ოპერაციის უკუჩვენება:

  1. წარსულში ჩატარებული ოპერაცია გულმკერდის ორგანოებზე ღია წესით
  2. მძიმე გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა და ბრადიკარდია (პულსი 60წთ ნეკლები)
  3. გადატანილი პლევრის ანთებითი დაავადებები (ემპიემა, პლევრიტი)
  4. უმკურნალო ჰიპერთირეოზი
Thoracoscopic Sympathectomy (ETS) | Dr. Koba Sakhechidze